Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2021

გიორგი ბარისაშვილის მარანი

           მცხეთაში  მეღვინესა და ქართული ღვინისა და ვაზის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილს და მის მარანს გადავეყარეთ.           ბალახზე გაგორებული ნაირ-ნაირი ქვევრებით და სურებით ლამაზად მორთული ეზო, ზედ სვეტიცხოვლის უკან, პარკინგიდან ტაძრის გზაზე მდებარეობს.         გიორგიმ, თავის 2 საუკუნის წინანდელ სახლში და მარანში შეგვიპატიჟა. მუხის კასრის თავზე სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან უგემრიელესი ღვინით და ჭაჭით გაგვიმასპინძლდა და კერამიკის უნიკალური კოლექციაც დაგვათვალიერებინა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში შეგროვებული სასმისებისა თუ ღვინის ჭურჭლისგან შედგება.       განსაკუთრებით მე-3 საუკუნის მცხეთური დოქი და შავკრიალა კერამიკის ტექნიკით შესრულებული სურა მომწეონა. და, იქვე მაგიდაზე გაშლილი მომავალი წიგნის ხელნაწერები, რომლებსაც გიორგი კალმით წერს. კალამში კი მელნის ნაცვლად, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული შავი ღვინო ასხია.  გიორგი ბარისაშვილის მარანი 

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

წერტი

        მცხეთის გზაზე, სოფლის და ხირცპროდუქტების მაღაზია "წერტში" შევირბინეთ, სადაც ჩვენთვის საგზლად გახაზირებული ქართული ნატურალური პროდუქტებისგან (ყველი, ლორი, ძეხვი, ბოსტნეული, კარაქი, პური) შექმნილი ბუტერბროდები და ახლახანს აღორძინებული ქართული ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული პურის დეგუსტაცია გველოდებოდა.          ახალგამომცხვარი  "წითელი დოლის" პური სასწრაფოდ გადავსანსლეთ, რამდენიმე პურს და ბუტერბროდებს ხელი დავავლეთ და მცხეთისკენ გავკურცხლეთ. ჯერ კიდევ იმედი გვქონდა, რომ ძალისს დაკეტვამდე მივუსწრებდით, ან Google-ის ხათრით მაინც გაგვიღებდნენ.      "წერტის" ბუტერბროდები კი მეორე დილას, დილას კი არა დილაუთენია, უფლისციხეში ვშთანთქეთ. მადლობა, ღმერთს, ბევრი იყო.  წერტი          

ბოტანია

    გვიან საუზმეზე "ბოტანიამ" დაგვპატიჟა და კაფეს ინტერიერივით ფერადოვანი და ხალასი მენიუ შემოგვთავაზა - ტრადიციული ქართული და თანამედროვე ევროპული სამზარეულოს ერთგვარი ეკლექტიკა:    მინიატურული ხინკლები "ხინკილები" სოკოს სოუსში. ერთლუკმიანი ფენოვანი ხაჭაპურები გებჟალიას სოუსით, რომლებიც პირში დნება. ნაირ-ნაირი დაფები ადგილზე გამომცხვარი პურით, ათასგვარი საწებლებით, არომატული კარაქით და სხვადასხვა ბოსტნეულის მარინადებით  და გემრიელი რამე-რუმეებით. სტეიკის სალათა სეზამით, კიტრი-პამიდვრის სალათა იაპონური სოუსით და ორაგული.     გულთბილი მასპინძლობა, კარგი მომსახურება და საუკეთესო ეზო, ძალიან, ძალიან საზაფხულო განწყობით.    ასე გაჩნდა Google-ის რუკებზე პირველი თბილისული კაფე 360 გრადუსიანი პანორამებით.              ბოტანია           

დღე პირველი - თბილისი

    დილა ფუნიკულიორზე, თბილისის პანორამის გადაღებით და Google-ის რუკებზე თბილისში პირველი ქუჩის ხედის (Street View) გაყვანით დაიწყო.        უკანა გზაზე პროექტის ე.წ. პარტნიორის ოფისში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამოვიარეთ ასაციფრად. მაგრამ შეპირებული საკონტაქტო პირი არ დაგვხვდა - თურმე ოჯახზე ზრუნვაში გართულს, ქვეყნის და სამსახურის საქმეებისთვის ვერ მოუცლია და ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წასულა. ეზოს იქით არ შეგვიშვეს, მაგრამ გუგლერული სიჯიუტით შენობის კარამდე მისასვლელი ბილიკი მაინც ავციფრეთ.           მერე ტაბიძის ქუჩა და თავისუფლების მოედანი მოვიარეთ და შუადღეზედ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დათქმულ შეხვედრაზეც მივედით. სადაც მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა შინაურულად კიდევ ერთხელ დააზუსტა, Google-ის რუკები მართლა ასეთი მაგარიაო? და, მერე თავიდან მოსაშორებლად, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეროვნულ მუზეუმში გაგვამწესა - თქვენ წადით და მე ყველას გავაფრთხილებ, დაგხვდებიანო.        როგორც უკვე გითხარი, ეროვნულ მუზეუმში არც არავინ გაუფრთხილებიათ და არც არავინ დაგხვ

ჩამოვიდნენ!

         საღამოსკენ ჩამოვიდნენ თუ არა, დარეკეს და არც კი დაუსვენიათ, ღამის თბილისის გადასაღებად გამოვდინენ.        მოულოდნელად გავეგეტარიანებულ "თბილ სიოში", ხორცის მოყვარულმა სტურმებმა და მასპინძლებმა სწრაფად წავიხემსეთ და  რუსთაველი, გარეუბანი და კალა მოვიარეთ.     მე მსგავსი ხალხი არსად და არასდროს მინახავს - სანამ საქმეს არ მორჩებიან, არ ძინავთ, არ ჭამენ და არ ისვენებენ. არასდროს და არაფერი ეზარებათ.       12 საათის მერე, გამოძინებულზე საქმის კეთებას მიჩვეული ქართველები ვერც კი წარმოვიდგენდით წინ როგორი მუხლჩაუხრელი და დაუვიწყარი 3 დღე გველოდა.  მშვიდობის ხიდი 

ახალი მარშრუტი

  დღე პირველი    თბილისი - რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, მშვიდობის ხიდი, რიყე, აბანოთუბანი, ფუნიკულიორი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (გუგლერებს ჯერ კიდევ სჯერათ ქართველი ჩინოვნიკების), ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანი. სადილი "ბოტანიაში" ("ბოტანიაში" კარგად იცოდნენ  Google-ის და ტურიზმის ურთიერთკავშირის შესახებ და დაგვპატიჟეს) შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში (გუგლერები შესაშური სიჯიუტით გამოირჩევიან - თვლიან, რომ ქვეყნის მთავრობამ, რომც არ აინტერესებდეს, მაინც უნდა იცოდეს ვინ რას აკეთებს მათი ქვეყნის ტერიტორიაზე).  მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი. ღვინის დეგუსტაცია გიორგი ბარისაშვილის მარანში (გიოირგი, უი,  Google-ის რუკები როგორ არ გამიგონიაო) ძალისი (სამწუხაროდ დაკეტვამდე ვერ მივუსწარით. ტურიზმის ადმინისტრაციიდან ეროვნული მუზეუმის გასაციფრულებლად გაგვაგზავნეს, მაგრამ მუზეუმის ხელმძღვანელობის გაფრთხილება "დაავიწყდათ", მუზეუმში კი ისეთი თანამშრომელი არ აღმოჩნდა, ვისაც მუზეუმის დირექტორთან დარეკვის ნებართვა ქონდა (მასე კი არაა, ყვე

Dream Team

      პირველს, პაატა ვარდანაშვილს დავაცხერი თავზე - პროფესიონალ ფოტოგრაფს და გამოცდილ გიდს, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი.      მერე ქეთი კვიჭიძეს, ქართული კულინარიის დედას.      რამდენიმე ვიდოე ზარის, ცუკერ, შენ გაიხარე და რამდენიმე საათი მესინჯერში ჩატაობის შემდეგ ერთხმად შევთანხმდით, რომ როგორც არ უნდა გვეცადა, მცხეთა და სიღნაღი საქართველოს უცნობი და გასაპიარებელი ობიექტების რიცხვში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა და მარშრუტი ნაწილობრივ მაინც უნდა შეგვეცვალა.       დღის ბოლოსთვის მარშრუტიც მზად იყო და გუნდიც დაკომპლექტებული.   პაატა ვარდანაშვილი - საუკეთესო მარშრუტების შედგენის და დაუვიწყარი ფოტომოგონებებით უზრუნველყოფის დიდოსტატი (Google-ის რუკების მე-10 დონის ადგილობრივი გიდი)  ქეთი კვიჭიძე - ექსპედიციის განმავლობაში არაჩვეულებრივი გასტრონომიული თავგადასავლის შემოქმედი.      მედეა ცხვარიაშვილი - გამოცდილი მოგზაური (ტუროპერატორი) და ექსტრავაგანტული ფოტოების ინიციატორი და მთავარი გმირი   (Google-ის რუკების მე-8 დონის ადგილობრივი გიდი)     ალექსანდრე გიორგაძე - არაჩვეულებრივი გიდი, რომელმაც

გუგლი ბჭობდა, ტურიზმის ადმინისტრაცია იცინოდა

                ექსპედიციამდე სამი დღე იყო დარჩენილი, რომ კიდევ ერთი ზარი შემოვიდა.   დახმარებას მთხოვდნენ. ტურიზმის ადმინისტრაციამ, ბევრი პროექტი გვაქვს და თქვენთვის არ გვცალია, მარშრუტი შეგიდგინეთ, შევწუხდით, რაც შეგვეძლო პატივი გეცით და ჩამოსვლა თუ გინდათ, ჩამოდით და მერე ქენით რაც გინდათო.          2 დღეში უნდა მომეძებნა 2 მანქანა, მომეგვერებინა ღამისთევა, კვება და მეპოვნა 5 მოხალისე მაინც.            გავხსენი "ფეისბუქი", მადლობა ცუკერას, და ჩავხედე ფრენდების ლისთს.  კოლხეთის ეროვნული პარკი 

ახალი ამბავი

    2020 წლის აგვისტოს მიწურული იყო, წერილის ნაცვლად ზარი რომ გაისმა.       ჩამოვდივართო! ბილეთები უკვე ავიღეთ და ერთ კვირაში მანდ ვართო.    ექსპედიციის დეტალებს: მონაწილეებს, ღამისთევის, კვების და ტრანსპორტირების საკითხს თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია აგვარებს და არიქა, არ დაგვღუპო, ხომ მოდიხარო?!        მანამდე კი ტურიზმის ადმინისტრაციის გამოგზავნილ მარშრუტს გადახედე, რამეს ხომ არ დაამატებდიო:     "მცხეთა - ჯვარი, სვეტიცხოველი     უფლისციხე     ყაზბეგი     სიღნაღი      გრემი      ალავერდი"     ჰმ! ვერაფერს იტყვი, გარდა იმისა, რომ მაგალითად ყაზბეგი, თბილისის და ბათუმის მერე მესამე ადგილზეა ტურისტებში პოპულარობის მიხედვით.  სვეტიცხოველი   

ონლაინ ცხოვრება

     მოკლედ, 2020 წლის პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს გაციფრულების პროექტმა ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა და Google-მა ტურიზმის ადმინისტრაციისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს აქტიურად პასიური "ხელშეწყობით" ვებინარებისა და ვორქშოფების რამდენიმე სერია ჩაატარა.       გითხარით Google-ის რუკების მე-9 დონის ადგილობრივი გიდი რომ ვარ? ჰო, მაშინ მე-8 დონეზე ვიყავი. კიდევ ტურიზმის და ტურიზმის მარკეტინგის სპეციალისტი ვარ და ციფრულ ტექნოლოგიებშიც საკმაოდ კარგად ვერკვევი.       ჰოდა, ტრენინგებს ყურადღებით ვუსმინე, გაუთავებელი და უსასრულო გამოცდები ვაბარე და არც მეტი არც ნაკლები, საქართველოში ერთადერთი და პირველი Google-ის სერთიფიცირებული მწვრთნელი გავხდი.      ასე შევრჩი ვარდენს (გუგლერებს), უდიპლომო სასიძო (არასაჯარო მოხელე, ტურიზმის ადმინისტრაციის ნაცვლად), სიძედ (საქართველოში ერთადერთ საკონტაქტო პირად).  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია                 

3-დღიანი ექსპედიცია

           ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის გადმოსახედიდან, კახეთში ყველაზე უცნობი და აუცილებლად გასაპიარებელი ადგილები რომ სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი, გრემი და ალავერდი აღმოჩნდა, მაგაზე აღარ შევჩერდები. ჰო, ამასთან, გრემში თურმე ბოლო 2 წლის მანძილზე რესტავრაცია მიდიოდა და დაკეტილი იყო. მაგრამ, ეგ არაფერი.   ჩემი ყურადღება, მესამე და ბოლო ექსპედიციამ მიიპყრო.    ექსპედიცია რომ 3-დღიანია ხომ გახსოვთ?       ექსპედიცია 3 - 3-დღიანი ბათუმი - ქალაქი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მაჭახელას ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის ეროვნული პარკი, სანაპირო, ქობულეთი ანაკლია სვანეთი - მესტია, უშგული სამეგრელო - ნოქალაქევი, მარტვილის კანიონი იმერეთი -  ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ქუთაისი, მოწამეთა, გელათი ბორჯომი აბასთუმანი - ობსერვატორია ბათუმი... კორონა გაახარა ღმერთმა, საზღვრები რომ ჩაკეტა!  უშბა 

საქართველოს უცნობი ადგილები

       ცოტა იწვალეს თუ ბევრი, გუგლერებმა ტურიზმის ადმინისტრაციას თავი იმდენად მოაბეზრეს, რომ ვიღაც მადლიანი დამჯდარა და სამი 3-დღიანი ექსპედიციის მარშრუტი შეუდგენია.    შეგახსენებთ, რომ ექსპედიციები საქართველოს ნაკლებადპოპულარული და გასაპიარებელი ტურისტული ობიექტების აციფრვის და ტურიზმის განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით ტარდებოდა.       მოკლედ, გახარებულმა გუგლერებმა ტურიზმის ქართველი გურუების მიერ შედგენილი, არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს ნაკლებადპოპულარული და გასაპიარებელი ტურისტული ობიექტების სია ცხვირწინ ამიფრიალეს: ექსპედიცია 1 - ხანგრძლივობა 3 დღე თბილისი - კოტე აფხაზის ქუჩა, ნარიყალა, რიყე, ეროვნული მუზეუმი მცხეთა - სვეტიცხოველი, ჯვარი ანანური გუდაური სტეფანწმინდა - გერგეტის სამება უფლისციხე დავითგარეჯა გერგეტის სამება 

წერილები

           გამოხდა დრო და კიდევ ერთი წერილი მივიღე.   მოგვილოცეო! თქვენი ტურიზმის ადმინისტრაცია როგორც იქნა დავარწმუნეთ, რომ Google-ს და მის რუკებს ტურიზმთან კავშირი მართლა აქვსო! და, უფრო მეტიც, საქართველოს უცნობი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, 3 ექსპედიციის მოწყობაზეც მივიღეთ თანხმობაო:           ექსპედიციები ჩატარდება  Google-ის ხარჯებით (აპარატურა, გზა, განთავსება და კვება) და Google-ის ექსპერტების და ქართველი გიდების მონაწილეობით. 3-3 დღის განმავლობაში შემოვივლით საქართველოს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს, დავიტანთ Google-ის რუკებზე, ავტვირთავთ პროფესიონალურ ფოტოებს და შეფასებებს, გადავიღებთ ქუჩის ხედებს (Street View) და 360 გრადუსიან პანორამებს. და, რაც მთავარია, ამ ყველაფერის პროფესიონალურად გაკეთებას და Google-ის რუკებზე სწორად დატანას გასწავლით ქართველებსო - კაცმა რომ თქვას, თქვენი გასაკეთებელი საქმეა და სულ ჩვენ ხომ არ ვივლით და მოგხედავთო?!       თქვენგან კი, უფრო სწორად თქვენი ტურიზმის ადმინისტრაციისგან გვჭირდება: (1) ოფიციალური თანხმობა, (2) ი

შეხვედრა

      "კაფე გაბრიაძეში" მისულ მე და ჩემ ძმას 2 აჟიტირებული გუგლერი დაგხვდა.     ტურიზმის ადმინისტრაციაში ყოფილან შეხვედრაზე და იქ უთქვამთ: სად ტურიზმი და სად "გუგლის რუკები", თქვენთან რა საქმე გვაქვს-ო?! რითიც ყოვლისმნახველი და ყოვლისგამგონე გუგლერებიც კი გააოცეს, მაგრამ, აბა, რა ყოვლისმნახველები იქნებოდნენ, ასე უცებ და მარტივად რომ დაეყარათ ფარ-ხმალი?      ჰოდა, იმათ ჩვენ მივხედავთ, სად წავლენ, ადრე თუ გვიან, ხომ დაიჯერებენო და რას იტყვით, საქართველოში დაგეგმილ რამდენიმე ექსპედიციაში რომ მიიღოთ მონაწილეობაო?. ჩვენ წაგიყვანთ, ჩვენი ხარჯებით და თან გასწავლით Google-ის რუკები და მისი სხვა იარაღები უფრო ეფექტიანად და კარგად როგორ გამოიყენოთო.       მოკლედ, სავიზიტო ბარათები გავცვალეთ და უკეთესი მომავლის მოლოდინში, ერთმანეთს დავემშვიდობეთ.      "უკეთესი მომავალიც" მალე დადგა, კორონას სახით.  კაფე გაბრიაძე