Skip to main content

Posts

ვილა მოსავალი - ქართული კუთხე

        ექსპედიციის პირველი დღე "ვილა მოსავლის" რესტორან "ქართულ კუთხეში" ვახშმით დავასრულეთ, სადაც ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან, შეყრილაძეების ოჯახთან ერთად ახალგაზრდა შეფ-მზარეულის მომზადებული ძალიან გემრიელი და თანამედროვე შტრიხებით შელამაზებული ქართულ-ტრადიციული კერძები მივირთვით ადგილობრივ ღვინოსთან ერთად. თუმცა, ვიტყუები, რა მივირთვით, მთელი დღის ნარბენებმა და მოშიებულებმა სრულიად უსირცხვილოდ და უნამუსოდ ჩავიყარეთ პირში. ღორის ცვრიან ნეკნებს ერთმანეთს ხელიდან ვაგლეჯდით და კუბდრის ბოლო ნაჭერს მეზობელი მაგიდიდან ვიპარავდით.           რა დამამახსოვრდა? ტრადიციული ჩაქაფული მადაგასკარული ვანილით. გემრიელია? კი. ვანილის არომატი და გემო იგრძნობა? არა. ვანილი ცხვრის ხორცის დამახასიათებელ გემოს არბილებს და ცხვრის ხორცი და ვანილი ერთად მსოფლიო კულინარიაში საყოველთაოდ გავრცელებული თუ არა, აზიასა და აფრიკაში ნამდვილად მიღებული პრაქტიკაა. კარგი იყო კეცის ჩაკურდღლულიც - არომატულ სოუსში ჩაშუშული კურდღლის ხორცი ენაზე დნებოდა.      "ქართულ კუთხეში" დესერტიც ქართ
Recent posts

ვილა მოსავალი

        მთელი დღე სირბილის შემდეგ ახალუბანში "ვილა მოსავალსაც" მივადექით, სადაც საოცარ მასპინძლებთან ერთად დავათვალიერეთ ჯერ "ვილა მოსავლის" ულამაზესი ვენახები, მერე არაჩვეულებრივი მარანი, უკომფორტულესი სასტუმრო თავისი სპა ცენტრით და აუზით და რესტორანი - იდეალირი ადგილი ზაფხულის სიცხეში თბილისიდან გასაქცევად და მთელი დღის გასატარებლად, გნებავთ ოჯახით, გნებავთ მეგობრებთან ერთად, ან სულაც მარტო - ყველას და ყველაფრისგან დასამალად ან სამუშაოდ.      "ვილა მოსავლის" მარანში უზომოდ არომატული და გემრიელი, აშკარად დიდი სიყვარულით დაყენებული ქვევრის თუ კასრის ჩინური, გორული მწვანე, ციცქა, რქაწითელი და ქართულ-ტრადიციული საფერავი დავაგემოვნეთ. გემოვნებით მოწყობილ ეზოში დავისვენეთ, სამეზობლოში ცხენების რანჩოზეც შევიჭყიტეთ და ახალგაზრდა და უნიჭიერესი შეფ-მზარეულის მომხადებული ქართული კერძების შესამუსრად გავემართეთ. ვილა მოსავალი  ვილა მოსავლის ვენახები   ვილა მოსავლის მარანი         

სვეტიცხოველი

        სვეტიცხოვლის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით. ჩვენი უპირობო სიყვარული და ძველი ნაცნობია. ადგილი რომელსაც ბავშვობიდან ვეზიარეთ და ათასჯერ რომ მივიდეთ, ათასივე ჯერზე ერთნაირ აღტაცებას იწვევს.      მის ყველა ჩუქურთმას და ფრესკას ვცნობთ, ყველა ორნამენტს, თითოეულ ხვეულს და წახნაგს. მისი ათასივე ელფერი, ეზოში დაგდებული ყველა ქვა ზეპირად გვახსოვს.    და, მაინც -   ყოველ მისვლაზე გვაოცებს. რაღაც ახალს, აქამდე უნახავს, აღმოუჩენელს, დაფარულს გამოაჩენს და შვილისშვილისთვის მზრუნველი ბებიის გადანახული ტკბილეულივით გვახვედრებს.  სვეტიცხოველი     

გიორგი ბარისაშვილის მარანი

           მცხეთაში  მეღვინესა და ქართული ღვინისა და ვაზის მკვლევარ გიორგი ბარისაშვილს და მის მარანს გადავეყარეთ.           ბალახზე გაგორებული ნაირ-ნაირი ქვევრებით და სურებით ლამაზად მორთული ეზო, ზედ სვეტიცხოვლის უკან, პარკინგიდან ტაძრის გზაზე მდებარეობს.         გიორგიმ, თავის 2 საუკუნის წინანდელ სახლში და მარანში შეგვიპატიჟა. მუხის კასრის თავზე სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან უგემრიელესი ღვინით და ჭაჭით გაგვიმასპინძლდა და კერამიკის უნიკალური კოლექციაც დაგვათვალიერებინა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში შეგროვებული სასმისებისა თუ ღვინის ჭურჭლისგან შედგება.       განსაკუთრებით მე-3 საუკუნის მცხეთური დოქი და შავკრიალა კერამიკის ტექნიკით შესრულებული სურა მომწეონა. და, იქვე მაგიდაზე გაშლილი მომავალი წიგნის ხელნაწერები, რომლებსაც გიორგი კალმით წერს. კალამში კი მელნის ნაცვლად, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული შავი ღვინო ასხია.  გიორგი ბარისაშვილის მარანი 

ჯვრის მონასტერი

           ჯვარი ერთ-ერთ იმ ობიექტთაგანი იყო, რომელებიც ტურიზმის ადმინისტრაციის უცნობი და გასაპოპულარულებელი ადგილების სიაში მოხვდა და მერე ჩვენს შედგენილ მარშრუტშიც დავტოვეთ. ჯერ ერთი, გუგლერებს არ უნდოდათ ოფიციოზის შემოთავაზებული გეგმის უხეშად უარყოფა და მეორე - რა ჯობია ჯვრის გადმოსახედიდან დანახულ მცხეთის ხედს.      ავირბინეთ, დრონი ავაფრინეთ, სთრით ვიუც გავიყვანეთ და სვეტიცხოველისკენ დავეშვით.  ჯვრის მონასტერი 

წერტი

        მცხეთის გზაზე, სოფლის და ხირცპროდუქტების მაღაზია "წერტში" შევირბინეთ, სადაც ჩვენთვის საგზლად გახაზირებული ქართული ნატურალური პროდუქტებისგან (ყველი, ლორი, ძეხვი, ბოსტნეული, კარაქი, პური) შექმნილი ბუტერბროდები და ახლახანს აღორძინებული ქართული ხორბლის ჯიშებისგან დამზადებული პურის დეგუსტაცია გველოდებოდა.          ახალგამომცხვარი  "წითელი დოლის" პური სასწრაფოდ გადავსანსლეთ, რამდენიმე პურს და ბუტერბროდებს ხელი დავავლეთ და მცხეთისკენ გავკურცხლეთ. ჯერ კიდევ იმედი გვქონდა, რომ ძალისს დაკეტვამდე მივუსწრებდით, ან Google-ის ხათრით მაინც გაგვიღებდნენ.      "წერტის" ბუტერბროდები კი მეორე დილას, დილას კი არა დილაუთენია, უფლისციხეში ვშთანთქეთ. მადლობა, ღმერთს, ბევრი იყო.  წერტი          

ბოტანია

    გვიან საუზმეზე "ბოტანიამ" დაგვპატიჟა და კაფეს ინტერიერივით ფერადოვანი და ხალასი მენიუ შემოგვთავაზა - ტრადიციული ქართული და თანამედროვე ევროპული სამზარეულოს ერთგვარი ეკლექტიკა:    მინიატურული ხინკლები "ხინკილები" სოკოს სოუსში. ერთლუკმიანი ფენოვანი ხაჭაპურები გებჟალიას სოუსით, რომლებიც პირში დნება. ნაირ-ნაირი დაფები ადგილზე გამომცხვარი პურით, ათასგვარი საწებლებით, არომატული კარაქით და სხვადასხვა ბოსტნეულის მარინადებით  და გემრიელი რამე-რუმეებით. სტეიკის სალათა სეზამით, კიტრი-პამიდვრის სალათა იაპონური სოუსით და ორაგული.     გულთბილი მასპინძლობა, კარგი მომსახურება და საუკეთესო ეზო, ძალიან, ძალიან საზაფხულო განწყობით.    ასე გაჩნდა Google-ის რუკებზე პირველი თბილისული კაფე 360 გრადუსიანი პანორამებით.              ბოტანია